ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ ცდილობს, დისკომფორტი შეუქმნას ემიგრანტებსა და რეგიონებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს
„ევროპული საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, კანონმდებლობა დაიცვას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირა დღეს დანიშნოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, არჩევნები კვირა დღეს ტარდება და ცესკო-მ კანონის აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა დაარღვიოს.
ხოშტარია მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის შუა კვირაში დანიშვნა ამომრჩეველთა ნაწილს დაბრკოლებას შეუქმნის.
„ძალიან კარგად ჩანს, რომ ცესკო არის „ქართული ოცნების“ ზეწოლის ქვეშ და „ქართულ ოცნება“, რომელიც შეშინებულია არჩევნების შედეგებითა და ხელისუფლების დაკარგვით, ცდილობს, დისკომფორტი შეუქმნას ჩვენს ემიგრანტებს პირველ რიგში, ეს ასევე გარკვეულ დისკომფორტის შეუქმნის საქართველოში, რეგიონებში დარეგისტრირებულ ადამიანებს, თუმცა ძალიან სასაცილოა ის გათვლა, რომ ამის გამო მოქალაქეები არ წავლენ და არ მისცემენ ხმას“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
მისი განმარტებით, ცესკო-ს ჰქონდა შესაძლებლობა, არჩევნების შედეგები 11 ნოემბერს შეეჯამებინა, მეორე ტური კი, ორ კვირაში, 25 ნოემბერს დაენიშნა. დეპუტატის თქმით, ახლა ერთადერთი შესაძლებლობა მეორე ტურის 2 დეკემბერს დანიშვნაა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა კი, რომელზეც პირველი ტურის შედეგები უნდა შეჯამდეს, დღეს არის დაგეგმილი.