ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ არის ვალდებული, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე
„ქართული ოცნება“ არის ვალდებული, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართული“ ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს რამდენიმე საათი დანაპირების შესასრულებლად.
„უკვე ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გატეხა პირობა. ჯერ გუშინ იყო დაანონსებული კენჭისყრა, მერე დღეს. პრაქტიკულად დღეს აღიარეს, რომ მათ წინააღმდეგობა აქვთ გუნდში. ეს წინააღმდეგობა შეინახონ თავიანთთვის, ეს წინააღმდეგობა მათ უნდა მოეგვარებინათ. როდესაც პროტესტის ფონზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ხალხს დაპირდა, ის ვალდებულია, რომ შეასრულოს. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის აუჯანყდა, თუ ბიძინა ივანიშვილი მანიპულირებს ამით. ეს ძალა არის ვალდებული, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე.
ახლა რაც ხდება, არის ერთგვარი თამაში. არ შერჩება ბიძინა ივანიშვილს ამ დაპირების უკან წაღება, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მას ვაჩუქოთ ეს ქვეყანა და არ ვაპირებთ, რომ ეს სტაბილური პოლიტიკური ცხოვრების ინსტრუმენტი რაც არის პროპორციული არჩევნები, მას დავუთმოთ. მას აქვს რამდენიმე საათი, რომ მოეგოს გონს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დღეს სჭირდება საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას. სხვა შემთხვევაში ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს და ეს იქნება მისი დასასრული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვა გაგრძელდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.