ელენე ხოშტარია - „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ დამატებით დროს, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე, მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა
ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველო“ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში.
„ჩვენ განსხვავებით, სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან, დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. გიორგი რურუა – პოლიტპატიმარი უნდა გამოვიდეს და მეორეს მხრივ, ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ ჩააგდოს პროპორციული არჩევნები, რისი საფრთხეც, სამწუხაროდ, ხვალ არის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და მეორე, მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა. ერთის მხრივ, ჩვენ გადავარჩენთ პროპორციულ არჩევნებს და მეორეს მხრივ, ვაძლევთ შანსს სრული ნორმალიზებისთვის გიორგი რურუას გათავისუფლებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ არის დაგეგმილი.
საუბარია, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ამ ცვლილებების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.