ელენე ხოშტარია - მარნეულში მომხდარი ფაქტი არის პრეცედენტი, როგორ პასუხობს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიტიკას
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, მარნეულში მომხდარი ფაქტი არის პრეცედენტი იმისა, როგორ პასუხობს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიტიკას.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, მარნეულის მერის დაკავება იყო იძულებითი ნაბიჯი.
„ეს არის პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლება ასე პასუხობს პოლიტიკურ კრიტიკას. გავიხსენოთ ბირჟა მაფიის შემთხვევა, როდესაც ვიდრე არ მოხდა საზოგადოებრივი წნეხი, ადამიანებს გაუსწორდნენ პოლიციის კრიტიკის გამო. ეს არის ჩვეული ფორმა, რომელიც დანერგა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ცალკე ადგილზე მომხდარი ინციდენტი. ცხადია, დაკავება იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან კადრების გავრცელებამდე არავის არაფერი მოუმოქმედებია იმ კლიმატში, სადაც ხელისუფლებას სერიოზული კრიზისის ფონზე უწევს ასე მოქცევა. ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი ეს საქმე. ამ საქმის გამოძიებაც არ იქნება საბოლოო პასუხი, რადგან ეს სიძულვილის კლიმატი და ძალადობრივი სისტემა ფუნდამენტურად უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.