ელენე ხოშტარია - დღეს პროკურატურამ სარალიძეს უთხრა, რომ თქვენი შვილის მკვლელი არ არსებობს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან წარმოუდგენელი ცინიზმის დემონსტრირებაა.
როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ადამიანის განადგურება, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურასა და სახელმწიფოს ეპასუხა ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე, რომ სახელმწიფო დამატებით მკვლელებს ხელს აფარებს.
„დღეს პროკურატურამ სარალიძეს უთხრა, რომ თქვენი შვილის მკვლელი არ არსებობს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სარალიძე არავის მოუკლავს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა პასუხს არ სცემენ, რატომ აფარებენ ხელს მირზა სუბელიანს, რატომ განადგურდა მტკიცებულებები, რატომ უპირისპირდება დაზარალებულ ადამიანს სახელმწიფო. ეს ყველაფერი დააგვირგვინეს იმით, რომ ეს ადამიანი საერთოდ გაანადგურეს და უთხრეს, თქვენი შვილის მკვლელი არ არსებობსო. ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ხოშატარიამ.
მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.
„პარლამენტის საგანგებო რეჟიმში მოვითხოვთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი სასწრაფოდ გადაწყდეს. ამ პროცესში პარლამენტი უნდა ჩაერიოს და პასუხი მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც შვილმკვდარი ოჯახი გაანადგურა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შვილმკვდარ ადამიანს ეუბნები, რომ შენი შვილის მკვლელი არ არის და ჩვენთან მომუშავე მაღალჩინოსანს ხელს ვაფარებ. პასუხებისგან თავს ვერავინ დაიძვრენს. ეს არის სილის გაწნა ძალიან ტრაგიკულ საქმეზე, რის პოლიტიკაზეა საუბარი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხდდა, მოსამართლემ ორივე ბრალდებული გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. დაზარალებული მხარეები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირიც დააკავეს.