ელენე ხოშტარია - აჩეხილ, აკუწულ ბავშვს მუშტს რომ ურტყამდა, ეს არის გაშველებაო, ასეთ მარაზმატიკულ სურათში ვართ
ელენე ხოშტარია - აჩეხილ, აკუწულ ბავშვს მუშტს რომ ურტყამდა, ეს არის გაშველებაო, ასეთ მარაზმატიკულ სურათში ვართ

საქმეში და შედეგ კომისიაში სამდღიანი დაკითხვებით დავინახე, რომ პროკურატურა არათუ არ ეძებს, არამედ არ ახდენს მტკიცებულებების ამოღებას, ეს ჩემთვის დიდი ეჭვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გაუგებარია, როგორ შეიძლება, დროულად არ დაკითხო მოწმეები, არ ამოიღო კამერები, დაინგრეს და არ დაიცვა მკვლელობის ადგილი, ფარდული.

„გამოძიება მიზანმიმართულად შემარცხვენელი ტყუილებით ხსნის, რატომ არ ამოიღო მიმოწერა, რომელიც დაგვეხმარებოდა მოტივის და განზრახვის დადგენაში. გამოძიება ტყუილებს ამბობს, რომ თურმე დ.ღ-ს ტელეფონი იმიტომ არ ამოიღეს, რომ მას ტელეფონი არ ჰქონდა. ორწუთიან ტყუილს ამბობს, იქვე წავუკითხეთ, რომ ტელეფონიც ჰქონდა და თვითონ მიუთითებს ამ ტელეფონზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მტკიცებულებების არმოპოვების პროცესი მიდიოდა რაღაცა მიზნით და აქ არის ეჭვი კონკრეტულად იმ ადამიანის დაძვრენაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, დღეს კომისიას იმ პირობებში უწევს მუშაობა, როდესაც განადგურებულია მტკიცებულებები.

„დიახაც, იმ პირობებში გვიწევს ჩვენ მუშაობა, რომ განადგურებულია მტკიცებულებები და ამ განადგურებული მტკიცებულებების პირობებშიც ჩვენ ვხედავთ, საქმიდან იკვეთება, რომ ეს ადამიანი, მ.კ, საზარელ მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. როდესაც მივედით პროკურატურის პოზიციის მთავარ წერტილამდე, ვეძახით მას ადვოკატს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არ გახდებით ეს ადვოკატები, მართლა არ ვკარგავ იმედს, რადგან გადის დრო, ეს ყველაფერი რჩება და ხალხი ამას აფასებს. მორალს არ ვკითხულობ, არ შეიძლება, დიდ შეცდომას გადაყვეს უამრავი ადამიანი. მართლა მინდა, ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, თორემ ამდენი ხანი არც იქნებოდა საჭირო, მივიღებდით, ავწევდით ხელს. აქ ადამიანი ამბობს, რომ აჩეხილაკუწულ ბავშვს მუშტს რომ ურტყამდა, ეს არის გაშველებაო. ასეთ მარაზმატიკულ სურათში ვართ და შავით თეთრზე ყველაფერი წერია”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობის წევრებს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-სთან დაკავშირებით.

ამასთან, დღეს სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმართავს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.