ეკვადორის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა
ეკვადორის სასამართლომ ექსპრეზიდეტის დაკავების ორდერი გასცა. რაფაელ კორეას 2012 წელს ოპონენტის გატაცებაში მონაწილეობას სდებენ ბრალს.
ეკვადორის ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს, დანაშაულთან კავშირს უარყოფს. როგორც მოსამართლე დანიელა კომანჩომ განაცხადა, მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია ინტერპოლს, რათა რაფაელ კორეა დააკავონ და ეკვადორს გადასცენ.
მანამდე ეკვადორის ყოფილი ლიდერი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა კორეამ განაცხადა, რომ სამშობლოში არ დაბრუნდება და ჩვენებას ბრიუსელში, ეკვადორის საკონსულოში მისცემს.
მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ეკვადორის კანონმდებლობის დარღვევა იქნება. კორეას ადვკოტებმა, სასამართლოს მიერ კორეას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.
რაფაელ კორეას გარდა, ამავე საქმეზე უკვე დააკავეს სადაზვერვო სამსახურის სამი ოფიცერი, პოლიციის ყოფილი უფროსი და სადაზვერვო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი.
გამოძების მიხედვით, ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტის მეტოქე ფენანდო ბალდა 2012 წელს გაიტაცეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, სადაც ის რაფაელ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების გამო გაიქცა. ბალდა ამტკიცებს, რომ ის პრეზიდენტ კორეას ბრძანებით გაიტაცეს.
მოგვიანებით, რაფაელ კორეას მთავრობამ ფერნანდო ბალდა 2010 წელს ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში დაადანაშაულა და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.