ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - განათლების დაფინანსების ზრდა მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე არ აისახება
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - განათლების დაფინანსების ზრდა მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე არ აისახება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა, მოსწავლეთა ცოდნაზე არ აისახება. ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის ახალ კვლევაში, რომლის მიხედვითაც, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში განათლების სფეროს დაფინანსების ზრდის მიუხედავად, ამ სახელმწიფოებში მოსწავლეების ცოდნის ხარისხი არ გაზრდილა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულის ზუსტი მიზეზები განმარტებული არ არის. თუმცა, წარსულში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ განათლების ხარისხის ამაღლებისთვის, დაფინანსების ზრდასთან შედარებით, პედაგოგების პროფესიული უნარების გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია.

კვლევის მიხედვით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოსწავლეების ცოდნის დონე მათემატიკაში სტაბილურია.

ორგანიზაციაში იმედგაცრუებულები არიან, რომ 2000 წლიდან მოყოლებული წევრ სახელმწიფოებში მოსწავლეების ცოდნის დონე პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნების ნაწილში, თითოეული მოსწავლის სწავლის დაფინანსება საშუალოდ 15%-ით გაიზარდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების მიზნით კვლევა 79 ქვეყანაში ჩაატარა. ტესტირება 600 000-მა მოსწავლემ გაიარა, რომელთა ასაკიც 15 წელია.

აღსანიშნავია, რომ „PISA”-ს ტესტირების დანერგვის შემდეგ ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ ალბანეთში, კოლუმბიაში, მაკაოში, მოლდოვაში, პერუში, პორტუგალიასა და ყატარში დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა ესტონეთში, სადაც სწავლის დაფინანსება, „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს 30%-ით ჩამორჩება.

ავსტრალიაში, ფინეთში, ისლანდიაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიასა და სლოვაკეთში მოსწავლეების მათემატიკური და კითხვის უნარები გაუარესებულია.

კვლევის მიხედვით, ტესტირებაში მონაწილე ყოველმა მეოთხე მოსწავლემ კითხვის უნარები ვერ ჩააბარა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განათლების ხარისხი კვლავ დიდწლად არის დამოკიდებული სოციალ-ეკონომიკურ ფაქტორზე. კვლევის მიხედვით, მდიდარი მოსწავლეები ღარიბ თანატოლებს ცოდნით სამი წლით უსწრებენ, თუმცა, ეს ფაქტორი ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია ავსტრალიაში, კანადაში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, იაპონიაში, ნორვეგიასა და დიდი ბრიტანეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების განათლების სისტემა სოციალურად სამართლიანია.

კვლევის შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ მოსწავლეები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან, რაც მათ კითხვისთვის სულ უფრო ცოტა დროს უტოვებს.