თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. „ჰუალინგ ჯგუფში“ სამუშაოს დაწყების ვადას არ აკონკრეტებენ.
თბილისის მერიასთან ინვესტორმა მხოლოდ წინასწარი ესკიზი შეათანხმა, რომელიც პირველმა არხმა მოიპოვა. პროექტის მიხედვით, ინვესტორი არსებული შენობის გაფართოებას გეგმავს. თუმცა, კომპანიას ჯერ დეტალური პროექტი მერიასთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, არც სამშენებლო ნებართვა მიუღია.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 2019 წლის 20 აპრილამდე აქვს. თუ ამ ვადაში კომპანია არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს არ აამოქმედებს, მას სავარაუდოდ დააჯარიმებენ.
შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 2016 წელს დაცალა და ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ შენობაში გადავიდა.