ვაკის პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა, შვიდსართულიანი სასტუმრო აშენდეს
ვაკის პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა, შვიდსართულიანი სასტუმრო აშენდეს

მზად ვართ კონსენსუსისა და პროექტის შეცვლისთვის, – ასე პასუხობს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტიფლის კოსტავას“ დირექტორი გიორგი ზაქაიძე. სწორედ ეს კომპანია 2013 წლიდან გეგმავდა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას, თუმცა ეს საკითხი ამ დრომდე სასამართლო დავის საგანია.

შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი“ ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „მწვანე ალტერნატივას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

საკითხთან დაკავშირებით, პირველ არხთან საუბარში „ტიფლის კოსტავას“ დირექტორი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ მზად არიან, მერიასა და მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფებთან მოლაპარაკება გამართონ და კონსენსუსამდე მივიდნენ – მაგალითად, შეცვალონ პროექტი და ისე განახორციელონ, რომ ზიანი არც ქალაქს მიადგეს და არც კერძო საკუთრებას.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე რესტორნის შენობა 1960 წლიდან არსებობდა და ეს ადგილი მათ კერძო ინვესტორისგან შეიძინეს. გიორგი ზაქაიძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტის შეჩერების გამო უკვე ხუთი მილიონი დოლარით იზარალა.

კომპანიის ადვოკატის, თემურ ხონელიას თქმით კი, მშენებლობის განახლებისთვის აუცილებელია, ძალაში შევიდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამავე დროს, მერიამ კომპანიას გაუგრძელოს სამშენებლო ნებართვის მოქმედების ვადა.

რაც შეეხება „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელ ნატა ფერაძეს, რომელიც მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ის პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ ინვესტორთან სალაპარაკო არ აქვთ და თუ მშენებლობა განახლდება, ისინი ამ ფაქტს აქციებით შეხვდებიან. ფერაძის თქმით, აღნიშნულ ზონაში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.