ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, დეპუტატებთან და ენერგეტიკოსებთან ერთად, „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, პარლამენტარებთან და ენერგეტიკოსებთან ერთად, „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურში ასეთი მასშტაბური და კომპლექსური რეაბილიტაცია ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად ტარდება.
„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმრავლესობას ადგილობრივი მოსახლეები შეადგენენ. „ენგურჰესი“ საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.
სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, „ენგურჰესზე“ ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტისა და სემეკ-ის წევრები.