თეა ახვლედიანი „ენგურჰესის“ კაშხალზე იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი „ენგურჰესის“ კაშხალზე იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა. თეა ახვლედიანმა „ენგურჰესის“ კაშხალი მოინახულა და ადგილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა „ენგურჰესის“ იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც მას გააჩნია მთელი ქვეყნის, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებისა და ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისათვის.

„საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გასაცნობად თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა როგორც ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებულ გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრი სოფელ რუხში, ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

„სამეგრელოს რეგიონში ჩემი სამუშაო ვიზიტი ოკუპაციის მსხვერპლის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წლისთავს უკავშირდებოდა. ამავდროულად, ვიზიტი ძირითადად მიზნად ისახავდა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე, მათ შორის, ქალთა წინაშე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების ადგილზე გაცნობას და მათი მოგვარების გზების განხილვას. სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერება და გაზრდა სწორედ ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტია ახალგაზრდების გაძლიერება და ჩართულობაც. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია გვქონდა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და რექტორთან. ამავდროულად, ადგილზე გავეცანით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებასთან და სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცესს ენგურის ხიდზე. დღევანდელი ვიზიტი სრულდება „ენგურჰესის“ კაშხალზე, სადაც გავეცანით გვირაბის გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს. დღეისათვის „ენგურჰესი“ უკვე მუშაობს სრული დატვირთვით. მინდა, აღვნიშნო „ენგურჰესის“ უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ენერგეტიკული და ეკონომიკური, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითის კუთხით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი