„ეკლესიას არ ეშინია ისტორიის“ - რომის პაპი ვატიკანის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ არქივს გაასაჯაროებს
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის საიდუმლო არქივის გასაჯაროებას გეგმავს. „ეკლესიას არ ეშინია ისტორიის“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვატიკანი გეგმავს, სრულად გაასაჯაროოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი არქივი, რომლის გახსნასაც ებრაელები ათწლეულების განმავლობაში ითხოვდნენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააგენტო „როიტერი“ ისტორიულს უწოდებს.
ფრანცისკეს თქმით, პაპ პიუს მეთორმეტის დროინდელი არქივის გახსნა 2020 წლის 2 მარტს შედგება.
პონტიფიკოსი მიიჩნევს, რომ სერიოზული ისტორიული კვლევების შედეგად შესაძლებელი იქნება, რომის პაპ პიუს მეთორმეტის საქმიანობის სათანადო შეფასება.
პიუს მეთორმეტე რომის პაპი იყო 1939-1958 წლებში. ებრაელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მან სათანადო ზომებს არ მიმართა ჰოლოკოსტის დროს ებრაელთა დასახმარებლად.
ფრანცისკეს გადაწყვეტილებას მიესალმა „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი“, რომელიც არქივის გახსნას 30 წელზე მეტია, ითხოვს. ამას გარდა, რომის პაპის განცხადება დადებითად შეაფასა ვატიკანში ისრაელის ელჩმა.
„მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელმისაწვდომს გახდის ყველა შესაბამის არქივს“, – განაცხადა ვატიკანში ისრაელის ელჩმა ორენ დევიდმა „როიტერთან“ საუბარში.