ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ჰოსპიტალში მკურნალობს 6 600 პაციენტი, მათგან 414 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მინისტრის ინფორმაციით, კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 3 900 მოქალაქე, ხოლო 16 000-მდე პირი ბინაზე, ოჯახის ექიმის ზედამხედველობით მკურნალობს.
„ამ ეტაპისთვის 6 600 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში, მათგან 1 283 არის ჟანგბადზე, 414 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ამ ეტაპისთვის გვაქვს 446 თავისუფალი ადგილი. დღეს სასტუმროებში მკურნალობას გადის 3 900 ჩვენი მოქალაქე. ძალიან მიხარია, რომ სასტუმრო სივრცეებში მიმღეობა მკვეთრად გაიზარდა. ეს აღარ არის უთანხმოების საფუძველი სასწრაფოს ბრიგადებსა და პაციენტებს ან მათ ოჯახის წევრებს შორის. 16 000-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობას გადის ოჯახის ექიმის ზედამხედველობით.
ეს ყოველივე ჯამურად ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება დაახლოებით 30 000-მდე კოვიდინფიცირებულს. ვხედავთ, რომ სერვისის მიწოდება უწყვეტია. ალბათ, სოციალურ ქსელებშიც მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, რაც ჩვენც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება, რასაც გეგმურად მივყვებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი