ეკატერინე ტიკარაძე - თითოეული ლაბორატორიის მუშაობის ხარისხზე ლუგარის ცენტრი აიღებს ზედამხედველობას
ეკატერინე ტიკარაძე - თითოეული ლაბორატორიის მუშაობის ხარისხზე ლუგარის ცენტრი აიღებს ზედამხედველობას

თითოეული ლაბორატორიის მუშაობის ხარისხზე ლუგარის ცენტრი აიღებს ზედამხედველობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ამის შესახებ კერძო ლაბორატორიებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას აღნიშნა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისევე როგორც კლინიკების შემთხვევაში, ლაბორატორიებზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „კოვიდთან“ მიმართებაში, ზოგადად სახელმწიფოს აქვს აღებული მონიტორინგი და პასუხისმგებლობა და ჩვენ ვართ გადასული ცენტრალურ მართვაზე. თვითონ, სახელმწიფო სტრუქტურების კუთხით, ცენტრალური მართვა არის პრემიერის დონეზე და ნებისმიერ უწყებაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება პრემიერის დონეზე. შემდეგ უკვე სამინისტროების დონეზეც ეს ვერტიკალი არის ძალიან მყარი. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის უპირველესი არის ხარისხი, ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც კლინიკების შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს ამ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ლაბორატორიებს ვამოწმებთ, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე ლუგარის ლაბორატორიაც არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში.

ვინაიდან ტესტების შესყიდვებიც არის ასევე ცენტრალიზებული, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ლაბორატორიას, რომელიც იქნება ჩართული ამ პროცესში და პასუხისმგებლობას და ასევე ზედამხედველობას აიღებს ლუგარის ლაბორატორია თითოეული ლაბორატორიის ხარისხზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.