ეკატერინე ტიკარაძე - შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებითი ფუნქცია და უფლება ექნება, დახუროს ობიექტი
შრომის ინსპექციამ შეიძინა დამატებითი ფუნქცია და იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს, მას უფლება ექნება, დახუროს ობიექტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, შრომის ინსპექციას ასზე მეტი ობიექტი ჰყავს დაჯარიმებული.
„შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ფიზიკურ პირებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. დღესდღეობით, აქტიური მონიტორინგი გვაქვს და უკვე 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღეისათვის, შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, მოახდინოს ობიექტის დახურვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.