ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც იტალიაში, კარანტინში იმყოფება, მგზავრობა უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ადგილზე დარჩენა
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც იტალიაში, კარანტინში იმყოფება, მგზავრობა უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ადგილზე დარჩენა

საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც ამ დროისთვის იტალიაში, კარანტინში იმყოფება, მგზავრობა უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ადგილზე დარჩენა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საელჩოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა იმ მოქალაქესთან, რომელიც იტალიაში იმყოფება.

„ის პაციენტი, რომელიც უკვე გამოწერილია, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება, ანუ კარანტინში და იტალიელი ექიმები კვლავ აგრძელებენ მასზე მონიტორინგს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისად, მისთვის მგზავრობა მეტად უფრო რისკის შემცველია, ვიდრე ადგილზე დატოვება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება სხვა მგზავრებს, მინისტრის თქმით, საქართველოს საელჩო მათაც დაეხმარება ადგილზე.

„თუ ამ პაციენტებისა და მოქალაქეების რაოდენობა იქნება შესაბამისი რიცხვი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ისევე, როგორც ყველა დანარჩენ მოქალაქეზე, იზრუნებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.