პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს
ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძებებზე, რომელიც შეიძლება, გახდეს აცრის მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პენსიონერებში აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, რის გამო ამ მხრივ საინფორმაციო ღონისძიებების გაქტიურება იგეგმება.
„ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა ამ პროცესში. 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის შესაძლოა, რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების მხრივ. მათ დაევალებათ, საკუთარ უბნებზე საინფორმაციო ღონისიძებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტია, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებეყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. ასევე, რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში რა სახის ღონისძიება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური“, – განაცხადა ტიკარაძემ.