ეკატერინე ტიკარაძე - მზად ვართ, საექსპერტო ჯგუფის მობილიზაციისათვის, რის შედეგადაც ზუსტად დადგინდება, რატომ მიადგა ნათია ცირეკიძეს ზიანი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდა.
შეხვედრაზე პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის პროცესში სხვა კლინიკების ჩართულობაზე ისაუბრეს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და შემდეგ გადაწყდება, სად გაგრძელდება მისი მკურნალობა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ პაციენტის მამას და უფლებადამცველს შევხვდი. შეხვედრაზე სრულად იყო აღწერილი ის განცდა და მდგომარეობა, რაშიც დღეს პაცინტი და მისი ოჯახი იმყოფება. მამისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საკუთარი შვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, იმ შესაძლო გამოსავალსა და ქმედებებზე, რომელიც პაციენტთან მიმართებაში შეგვიძლია განვახორციელოთ. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას გამოვითხოვთ და განვიხილავთ ყველა შესძლებლობას, სად შეიძლება მისი მკურნალობა გაგრძელდეს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძემ მზაობა დააფიქსირა, რომ სამინისტროს მხრიდან მობილიზდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს.
„პაციენტის ოჯახის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ დღემდე არ არის ექსპერტიზა ჩატარებული მათთვის მიყენებულ იმ ზიანზე, რომლის გამოც პაციენტი ამ მდგომარეობაში იმყოფება. იმის მიღმა, თუ რა დოკუმენტაციაც შეისწავლა რეგულირების სააგენტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ექპერტიზა, რათა გამოძიება უფრო გამჭვირვალედ და საგნობრივად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, მზად ვართ საექსპერტო ჯგუფის მობილიზაცია მოვხდინოთ. ექსპერტიზის შედეგად ზუსტად დადგინდება, რის გამო მიადგა პაციენტს ზიანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგასენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.