ეკატერინე ტიკარაძე - გარკვეული დისტანცირების მიუხედავად, საფრთხე რჩება, რადგან მრევლი 9 საათი იქნება ტაძარში, საუკეთესო გამოსავალია, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გამო მომდინარე საფრთხე ყველამ გაიაზროს.
ტიკარაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში, ყველამ უნდა გადაინაწილოს პასუხისმგებლობა, დაიცვან წესები და დარჩნენ სახლში.
ტიკარაძე ამბობს, რომ გარკვეული დისტანცირების მიუხედავად, საფრთხე რჩება, რადგან მრევლი 9 საათის განავლობაში იქნება ტაძარში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ ეს საფრთხე. პირველი დღიდან მოვუწოდებთ, რომ არც 9-დან 6 საათამდე, არც 6-დან 9 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას და მნიშვნელოვანია, რომ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები სწორად, გავიაზროთ ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ამ რეკომენდაციის არ დაცვით დატრიალდა ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს, როგორც კორეაში, ასევე გვაქვს იტალიისა და ირანის მაგალითი.
მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ის რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ორ თვეზე მეტია, ჟღერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე რჩება, მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში იქნებიან ტაძარში და ეს დროის მონაკვეთი გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, რომ საკუთარი და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და ტაძარი დატოვოს მსახურების შემდეგ, დილის ექვს საათზე.