დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე

გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ბევრი კონსულტაცია გახდა ამისათვის საჭირო და ბევრი პოზიციების დახვეწა და შეჯერება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სიტუაციის მიხედვით მოქმედებს და ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მორწმუნე ხალხის მოლოდინი უკავშირდება აღდგომის დღესასწაულს. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისთვის საჭირო და ბევრი პოზიციების დახვეწა და შეჯერება. ამ პერიოდში მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია გამართული და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ რთული პირობების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა, როგორც სრულდებოდა ხოლმე.

გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რომელიც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა მოწოდებული საპატრიარქოს მიმართ. ეს ეხება კომენდანტის საათს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე.

ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. უნდა გავითვალისწინოთ სხვა შეზღუდვებიც, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. ეს შეეხება ყველა იმ რისკჯგუფს, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს, ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი რისკჯგუფში შემავალი ადამიანი, მათ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს დაავადება, რომელზეც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ წინა რეკომენდაციების მსგავსად, მრევლი ამასაც გაითვალისწინებს და ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია.

„დიდ ტაძრებში საუბარი არის ორმეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაში ტაძარში ყოფნა, შესაძლებლობა ექნება დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება. მთელი შინაარსი ჩვენი მიმართვისა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვესმის ჩვენ, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება. ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ არც ჩვენს მცდელობას, რომ ვზრუნავთ და არ მოვაკლოთ არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს ჩვენ გულწრფელ მსახურებაში და ერთმანეთზე ზრუნვაში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აღდგომის დღესასწაულზე დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ყველა ეკლესიასთან იქნებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების დაცვას​.