ეკატერინე ტიკარაძე - დარწმუნებული ვარ, აგვისტოში ბათუმის ჩაკეტვით გაცილებით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველთვის თანმიმდევრული ვიყავით და შეწონილი გვქონდა ყველა რისკი
ამ მომენტისთვის 5 483 საწოლია დაკავებული, მაგრამ შესაძლებელია, 8 000-დან 8 500-მდე საწოლი იქნას მობილიზებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.
„ამისთვის სახელმწიფო კლინიკებში კიდევ გამოვყავით დამატებითი რესურსი და ამ კლინიკების ბაზაზე ეს საწოლფონდი ძალიან მალე მოხმარდება ჩვენს პაციენტებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, კოვიდინფექციის მართვაში დღესდღეობით, სხვა პროფილის ექიმებიც არიან ჩართული.
„რა თქმა უნდა, კრიტიკულ პაციენტებში წამყვანი როლი რეანიმატოლოგებს ენიჭებათ, მაგრამ მათ ეხმარებიან ჩვენი რეზიდენტები და სხვა პროფილის ექიმები, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია, რომ რეანიმატოლოგებს უშუალოდ კრიტიკულ საწოლთან გარკვეული დახმარება გაუწიონ. ასევე, ინფექციონისტების კომპონენტში ფუნქციონირებს ეს ჯგუფი, სამინისტროს ბაზაზე, რომელიც განსაზღვრავს ყველა პაციენტის მკურნალობას და იძლევა მითითებებს. ამით ვცდილობთ, მაქსიმალურად ვმართოთ ის ადამიანური რესურსი, რომელიც გვაქვს, რომ ის უფრო ეფექტური იყოს და ჩვენმა ექიმებმა რაც შეიძლება, მეტი პაციენტის მკურნალობა შეძლონ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ რთულდება ხშირად ოჯახის ექიმებთან დაკავშირება და მათი მომსახურების მიღება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამის გამომწვევი მიზეზების დადგენა ალბათ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა კეთილსინდისიერება, რათა ყველამ შეასრულოს სამუშაო იმ ხარისხით, რა საჭიროებაც არის.
„ეს ხარვეზები ჩვენც დავაფიქსირეთ და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გადავაზღვიოთ ყველა გადაცდომა, რომელიც ამ კრიტიკულ პროცესში შეიძლება, არსებობდეს. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შეიძლება, შეცდომები არ დავუშვათ. გვაქვს მონიტორინგის სამსახური და ყოველდღიურ რეჟიმში ვამოწმებთ საშედეგო ფურცლებს, რომლის შევსების ვალდებულებაც კოვიდის მართვაში ჩართულ ოჯახის ექიმებს აქვთ. იყო შემთხვევები, როდესაც საშედეგო ფურცელი იყო შევსებული, მაგრამ პაციენტთან არ იყო დარეკილი და ჩვენი მონიტორინგის სამსახურით ამაზეც ვრეაგირებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ სექტემბერში ბათუმის ჩაკეტვა გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა, რათა ასეთი მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი თავიდან აგვეცილებინა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მათი მხრიდან მეტი კრიტიკა იქნებოდა, ვიდრე გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
„როცა ეს კითხვა მესმის, ძალიან ხშირად, მინდა, დავბრუნდე პირობითად, 24 აგვისტოს და გამოვიდე ინიციატივით, რომ ბათუმი ჩასაკეტია. შემდეგ, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამ ექსპერტების აზრს და რეაგირებას. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვიწვიეთ. ვთვლი, რომ ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრული ვიყავით და შეწონილი გვქონდა ყველა რისკი. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული ფასი აქვს. ეს ფასი იმ პერიოდისთვის, იყო ეკონომიკა და ასევე, არ იყო იმის საფუძველი, რომ ასეთი მასშტაბური ჩაკეტვები გამოგვეცხადებინა. თუმცა, ჩვენს ექსპერტებს ალბათ, ისიც ახსოვთ, რომ ბათუმში გარკვეული შეზღუდვები განვახორციელეთ, რამაც შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეკითხვაზე, თუ მართვა სწორად ხორციელდებოდა, რატომ მივედით ასეთ რთულ მდგომარეობამდე, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს თითოეული მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველაზე ეფექტური ბერკეტია, რათა ეპიდემია ეფექტურად იმართოს.