ეკატერინე ტიკარაძე - ბოლო ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემა.
როგორც ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ერთიან მართვაში გადავიდა თბილისისა და რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახურები. მისივე თქმით, 2019-2021 წლებში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 218 ავტომანქანით განახლდა. ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო და რეფერალური დახმარების 333 ეკიპაჟი მუშაობს. ცენტრმა მიიღო 35 სამედიცინო მოტოციკლი.
მინისტრის განცხადებით, 2020-2021 წლებში სასწრაფო დახმარების მანქანები აღიჭურვა განახლებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მოწყობილობებით, აშენდა 57 რაიონული ცენტრის შენობა, მიმდინარეობს ხუთი ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა. ასევე, რეგიონალური სამსახურების მსგავსად, დაგეგმილია თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტიანად გამკლავების მიზნით, 2020 წლიდან 2021 წლის ბოლომდე სხვადასხვა ფულად გასაცემელთან მიმართებით გამოცხადებულია მორატორიუმი.
„მოსახლეობის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, განხორციელდა ფულადი გასაცემლების გაცემა დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო დროებით შეწყვიტეს საქმიანობა“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, გაიზარდა პროგრამის მოცვა – ბავშვის დახმარებას, 100 000 ქულის ნაცვლად, 120 000 ქულის მქონე ოჯახები იღებენ.
2019 წლის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მაქსიმალური რაოდენობა იყო – 135 700 ოჯახი; 467 284 პირი. 2021 წლის მდგომარეობით, ნოემბრის თვის ჩათვლით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მაქსიმალური რაოდენობაა – 172 886 ოჯახი; 637 747 პირი.