ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის მოხალისეების ჩართულობა შესაძლოა, სარისკო იყოს, მათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი უნდა გაიარონ
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს აქვს ბაზა, რომელიც მოიცავს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისა და პენსიონერების სიას.
მინისტრის თქმით, დღეს უწყებაში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც გადაწყდება, თუ როგორი სქემით იმუშავებს „საქართველოს ფოსტა“ ასეთი ადამიანებისთვის მომსახურების გასაწევად.
„ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენ გვაქვს ბაზა, რომელიც მოიცავს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების, ჩვენი მოქალაქეების სიას, ასევე იმ პენსიონერების სიას, რომლებიც არიან მარტოხელები და იმყოფებიან მაღალ რისკ-ჯგუფში. გუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ „საქართველოს ფოსტა“ ინტენსიურად ჩაერთვება სახელმწიფოსთან ერთად ყოველივე ამის აღსრულებაში. დღეს, პირველ საათზე სამინისტროში გვექნება დეტალური შეხვედრა და განხილვა, თუ როგორი სქემით მოხდება ამ ადამიანებთან დაკავშირება და შემდეგ მათგან ჩვენთან უკუჩვენებით კავშირი, რა ფორმატში იმუშავებს „საქართველოს ფოსტა“ უკვე მთავრობის დავალებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება მოხალისეებს, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჰქონდეთ გავლილი.
„ამ ეტაპისთვის მოხალისეების ჩართულობა შეიძლება იყოს სარისკო, ვინაიდან მათ არ აქვთ გავლილი ყოველივე ეს რეკომენდაციები. ჩვენ უპირველესად ვიზრუნებთ, რომ მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს მათი გადაადგილება უსაფრთხო, ხოლო ამის შემდეგ უკვე კონტროლირებადი იქნება ჩვენთვის, თუ რას გააკეთებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისინი იქნებიან სპეციალურ რგოლებთან მიბმული“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროსა და „საქართველოს ფოსტას“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომლითაც სოციალურად დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მომსახურებას გაუწევენ.