ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ კლინიკას კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობამ გამოყო 40 მილიონი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის, მსოფლიო ბანკის ფარგლებში კი, გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რომ დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში, რათა ინფექციურ საავადმყოფოს მიეცეს იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონიებისთვის არის საჭირო.
აღნიშნული კომენტარით ტიკარაძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „ჩვენი ინფორმაციით, დღეიდან თბილისის ინფექციურმა კლინიკამ კოვიდითა და აივ/ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა, რაც საქმიანობისთვის აუცილებელი პირობების არქონას უკავშირდება. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას და რა ბედი ელით პაციენტებს, ასევე, რატომ გაჭიანურდა დაპირებული რემონტი, „ავერსსაც“ ხომ არ უკავშირდება“.
„მე თავს შევიკავებ დასკვნების გაკეთებისგან, უკავშირდება თუ არა „ავერსს“, ალბათ ეს გაირკვევა ადგილზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო წლების განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. სწორედ აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მას ჩვენ შევუძინეთ ახალი შენობა, რომელიც არის 40 მილიონის ღირებულების. ასევე, მსოფლიო ბანკის ფარგლებში დეტალურად მუშაობს გარკვეული ჯგუფი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში, რათა მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვზრუნავთ. თუ რა არის მიზეზი იმის, რომ ეს განაცხადი ხდება, ამას დამატებით შევისწვალით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არანაირი რისკი არ შეექმნებათ.
„არანირი რისკი კოვიდპაციენტებს არ შეეხებათ და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას შესაბამის კლინიკებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება აივ ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე ინფორმაციას, ტიკარაძის განმარტებით, კლინიკა, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ტოვებს, ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს ორი თვით ადრე წერილობით მიმართოს.
ტიკარაძის განმარტებით, თენგიზ ცერცვაძეს სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
„რაც შეეხება აივ ინფექციის შემთხვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას ორი თვით ადრე, რაც ბატონ თენგიზს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მე ალბათ დაველოდები დამატებით ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10-პროცენტიანი ჯარიმა წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში. ბატონ თენგიზს სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს წერილით, რომ ის პროგრამას ტოვებს. ჩვენ მივეცით მას ახალი შენობა, ვმუშაობთ ახალი შენობის სრულ გამართვაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ ავიღეთ ამაზე პასუხისგებლობა და მსოფლიო ბანკის ფარგლებში ყოველივე ეს ფინასდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ამჟამინდელ შენობაში რემონტს, ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა.
„რაც შეეხება ადგილზე რემონტს, ჩვენ ვართ პროგრამის შემსყიდველები, ის არის შპს, რომელიც ექვემდებარება ეკონომიკის სამინისტროს. ყველა სამინისტროს აქვს მზაობა, რომ მან შეძლოს და განკარგოს საკუთარი დივიდენდები იმ მიზნებისთვის, რომელიც მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება, ამასთან დაკავშირებით მას არც ჯანდაცვის სამინისტროდან, არც ეკონომიკის სამინისტროდან შეფერხება არ ჰქონია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.