ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სავარაუდოდ მარტის ბოლოდან მიიღებს
განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა არ არის, თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო სავარაუდოდ მარტის ბოლოდან მიიღებს.
„განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა ნამდვილად არ არის, თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის „ცივი ჯაჭვის“ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის კომპონენტში, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიეწოდოს. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა, მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.