ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. მისივე თქმით, ტენდენციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა აუცილებელი რეგულაციები სათანადოდ დაიცვან.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შემდეგ აუცილებელია ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა.

„ამ ეტაპისთვის აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული აღსრულება ყველა რეგულაციის, რომელიც არის დაწესებული. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.

ასევე, საყურადღებოა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – ერპე, რის საფუძველზეც ჩვენ მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო. ამ ეტაპისთვის მაჩვენებელი გაჩერებულია, ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ რეგულაციების დაცვის პარალელურად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტი აქტიურობაა საჭირო.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა მოტივატორი. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ზუგდიდში სხვადასხვა ჯგუფის ექიმებთან როგორც ჰოსპიტალში, ასევე პირველად ჯგუფში მომუშავე ექიმებთან. მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მეტად აქტიური ჩართულობა, ექიმების მოტივაცია, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ ხიდს მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის, რომლებმაც უნდა გასწიონ სწორი აგიტაცია ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებასთან მიმართებით. ეს პროცესი არის დაწყებული და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით, ეს პროცესი იქნება მეტად გააქტიურებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.