ირაკლი ღარიბაშვილი - ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, ჩვენ შევამსუბუქეთ რეგულაციები, დავაკვირდებით მიმდინარე დინამიკას და შემდგომი გადაწყვეტილებებიც შესაბამისი იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, ჩვენ შევამსუბუქეთ რეგულაციები, დავაკვირდებით მიმდინარე დინამიკას და შემდგომი გადაწყვეტილებებიც შესაბამისი იქნება

ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, მინდა ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, იგი ძალიან ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შვიდი დღის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.

„დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდკლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.