ეკატერინე მიქაბაძე - მთავრობის რეფორმებმა პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკურ ზრდაზე
ეკატერინე მიქაბაძე - მთავრობის რეფორმებმა პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკურ ზრდაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა.

2017 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტის 50%-იანი, ხოლო იმპორტის 13.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.

დეკემბერში  ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 22%-ით (33.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 186 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. 17.7%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ  118.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

„მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახა საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რომელმაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.  ამასთან, საქართველოს მთავრობა  აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით.ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დეკემბერში 12.4%-ით  არის გაზრდილი. ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  3 611 ერთეულს გაუტოლდა, რაც  2.3%-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემთან შედარებით.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.7%-ი შეადგინა. 2017 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ასევე 4.7% იყო. რაც შეეხება 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, ის 4.8%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

2017 წლის დეკემბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა – ზრდა 3%; უძრავი ქონება – ზრდა 11.6%; სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – ზრდა 32.5%; საფინანსო საქმიანობა – ზრდა 20.6%.