ეკატერინე მიქაბაძე - მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეს შეეძლება, საპენსიო თანხა საკუთარ ანგარიშზე მიმართოს
ეკატერინე მიქაბაძე - მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეს შეეძლება, საპენსიო თანხა საკუთარ ანგარიშზე მიმართოს

დღეს არსებული საპენსიო სქემა არის სოციალური დახმარება, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, ხოლო ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული რეფორმა არის ე.წ მეორე სვეტი, რომელიც არსებულ საპენსიო სისტემასთან ერთად ვითარებას გააძლიერებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შედეგად, დასაქმებული ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის 2%–ს გადაიხდის, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ შეტანილი 2% და ასევე, დამატებით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 2%–ის შეტანას სახელმწიფო უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიქაბაძემ.

მისი თქმით, შენარჩუნებული იქნება სოციალური პენსია, ე.წ. პირველი სვეტი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.

„ამას დაემატება მეორე სვეტი და იქნება ორ სვეტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში მესამე სვეტით შეივსება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად წავა საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გარდაიცვალა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ დაგროვებული თანხა მემკვიდრეზე გადავა.

„მემკვიდრეს შეუძლია, ეს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე მიმართოს, ან ერთიანად გაიტანოს“, – განაცხადა მიქაბაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალ საპენსიო სქემაზე მუშაობის პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო და რეფორმა გათვლებსა და კვლევებს დაეფუძნა.