ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა დაასრულა
ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 164-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. მან საათსა და 36 წუთში, კლასიფიკაციის 532-ე ნომერთან, ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან წააგო – 3:6, 3:6.

პირველ სეტში გორგოძის წაგება, ძალიან დასანანი იყო. პარტიის პირველ ნახევარში ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, ჰრადეცკამ კი ორი ასეთი შანსი მიიღო, ორივე გამოიყენა და 3:3-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, პირველ პარტიაში გაიმარჯვა.
მეორე სეტის მესამე გეიმში, გორგოძემ, როგორც იქნა, შეძლო პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ ჩეხმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო – 4:2. ჩეხს მოგება აღარ გასჭირვებია.

ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ (1/13) და მეორე მოწოდებამ დააღალატა, რომელზეც ქულების 25 პროცენტი აიღო. ჰრადეცკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ის უფრო აგრესიულად თამაშობდა – „ვინერსების“ შეფარდება 39 13-ი წინააღმდეგ იყო. გორგოძეს 13 „ვინერსთან“ ერთად 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ეს იყო ეკატერინე გორგოძის მეორე გამოსვლა „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ისევე როგორც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც ახლა დაძლია.