ეკატერინე დგებუაძე - მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, წავლენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში დღეს, ან ხვალ
მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ის, წავლენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში დღეს, ან ხვალ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„უკვე მეორე წელია, რაც პანდემია სასწავლო პროცესს შეეხო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და გარდა იმისა, რომ სასწავლო პროცესი განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს, მოსწავლეები რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. მათაც უნდათ მეტი სოციალიზაცია, უნდათ თავიანთ თანატოლებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა წრეზე სიარული და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გასათვალისწინებელია. კომპლექსურად რომ შევხედოთ, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა ის, რომ სპეციალისტთა რეკომენდაციებს მივყვეთ, რათა ხვალ უკეთესი მდგომარეობა იყოს“, – განაცხადა დგებუაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის დაიწყება ზაფხულის არდადეგები, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება.
მისი თქმით, ზოგისთვის პოზიტიურია ის, როდესაც სასწავლო პროცესი სახლის სივრცეში ორგანიზდება, ზოგისთვის კი უკეთესია, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გადავიდეს.
„თითოეულმა მოსწავლემ, მშობელმა თუ მასწავლებელმა არანაკლებ რთული გზა გაიარა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესი სწორედ იმ დღეს უნდა დასრულდეს, რაც ტრადიციულად არის დაწესებული“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.