ეკა სხილაძე - უნდა ვაღიაროთ, ქალზე ძალადობის მიზეზი საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობაა
სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის განცხადებით, როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ქალია და ძალადობა ყველაზე ხშირად ქმრის, ან ყოფილი ქმრის, პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ხორციელდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემას გენდერული განზომილება აქვს.
„სხვა დანარჩენი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება თუ სხვა, შესაძლოა, იყოს ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, ძალადობა გააძლიეროს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამის მთავარი მიზეზი ჩვენ ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობაა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქალს მესაკუთრული განცდით უყურებენ. ფიქრობენ, რომ მასზე უფლებების მქონე პირები არიან და დისკრიმინაციული მოტივით ძალადობენ“, – განაცხდა ეკა სხილაძემ.
მისი თქმით, ხშირად, მოძალადეს დაუსჯელობის განცდა აქვს, რადგან ფიქრობს, რომ ასე უნდა იქცეოდეს და საზოგადოება მას გაამართლებს. მსხვერპლს კი, დაუცველობის განცდა აქვს, რადგან იცის, რომ მისი ხმა სახელმწიფოსთვის მიმართვის შემთხვევაშიც არ იქნება მოსმენილი.
„მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ ყველაფრიდან გამოსავალი ისაა, რომ ძალადობის ყველა შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება მოხდეს და ამან საზოგადოებაში არსებული წინასწარი განწყობები, მათ შორის დაუსჯელობაზე მოძალადის განცდები, შეამციროს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ნამდვილად გვჭირდება, ეს საკითხები საქართველოს განათლების სისტემის ნაწილი გახდეს და თანასწორობის პრინციპები სკოლაში მაინც ისწავლებოდეს, თუ ზრდასრულთა განათლებაზე არაფერს ვიტყვით“, – განაცხადა ეკა სხილაძემ.