ეკა სხილაძე - ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორიც ჩვენ გვაქვს, ბევრ ქვეყანას არ აქვს
ეკა სხილაძე - ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორიც ჩვენ გვაქვს, ბევრ ქვეყანას არ აქვს

ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორიც ჩვენ გვაქვს, ბევრ ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს განპირობებულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში, ძალადობის აღქმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანია და რიგ შემთხვევებს ძალადობად არ აღვიქვამთ. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ძალადობის მიმართულებით სკოლებში არსებული ვითარება და 13-დან 25%-მდე მერყეობდა სკოლის პერსონალის, მასწავლებლების რიცხვი, რომლებიც ძალადობად არ აღიქვამდენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიც არის ბულინგი, დაცინვა, თმის მოქაჩვა, ყურის მოქაჩვა და ასე შემდეგ. ბავშვებში ეს აღქმა 45%-ს აღწევდა, როდესაც ისინი ძალადობის სახელდებას ვერ ახდენდნენ. რატომ?! იმიტომ, რომ მათ არავინ ესაუბრება ძალადობის ამ ფორმებზე“, – განაცხადა სხილაძემ.

მისი თქმით, უფრო ტრაგიკული იყო მონაცემი, როდესაც ბავშვებს ჰკითხეს, თუ ვის მიმართავდნენ ბულინგის, ან კონფლიქტის შემთხვევაში და მათმა უმრავლესობამ თქვა, რომ არავის არ მიმართავს, ან მეგობარს მიმართავს. 

„სწორედ მეგობართან მიმართვის შედეგია არა ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რაც ჩვენ საქართველოში ვნახეთ. როდესაც ვეკითხებოდით, რატომ არ მიმართავენ ზრდასრულ ადამიანს, ოჯახს, ან სკოლას, პასუხი იყო – აზრი არ აქვს, ერთხელ მივმართე და ერთჯერადი ჩარევის შემდეგ ჩემი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ანუ, ჩაერია სკოლა და პირობითად, ის ერთი კონფლიქტი მოგვარდა, თუმცა, სისტემურად ის უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ არასრულწლოვანთა საზოგადოებაში“, – განაცხადა სხილაძემ.

როგორც სხილაძემ აღნიშნა, თუ საზოგადოებაში ეს დამოკიდებულება ძლიერი იქნება, სამართალდამცავი სისტემა, ჩვენი დაცვის და დახმარების მექანიზმები ვერ იმუშავებს.

„ამ დამოკიდებულებას ასე ცალკე აღებული ვერ შევცვლით. ყველაზე ნაკლებად სამართალდამცავი უწყება შეცვლის. აქ არის განათლების ძალიან დიდი როლი“, – განაცხადა სხილაძემ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ოჯახების მხარდაჭერა.

„ჩვენ ხშირად ვადანაშაულებთ მშობლებს და განსაკუთრებით, დედებს, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, რომ შვილი ვერ გაზარდა, მაგრამ ბავშვის დაბადების მომენტიდან ჰქონდა კი მას მხარდაჭერა იმისთვის, რომ პოზიტიური მშობლობა, აღზრდის არა მკაცრი, არამედ სწორი სტილი გამოეყენებინა?! როცა პრობლემა შეიქმნა, ვინმემ დაინახა, რომ ბავშვს ოჯახში პრობლემა ჰქონდა და მისი ინტერესები უგულებელყოფილი იყო?! ჩვენ პირიქით ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება, სკოლა, ბავშვებთან მომუშავე ადამიანები ხშირ შემთხვევაში, ამას ოჯახურ საქმედ განიხილავენ და ცდილობენ, არ ჩაერიონ“, – განაცხადა ეკა სხილაძემ.