ეკა სხილაძე - ნაადრევ ქორწინებასთან მიმართებით სიტუაცია მცირედით შეცვლილია, თუმცა, პრობლემა კვლავ უცვლელი რჩება
ეკა სხილაძე - ნაადრევ ქორწინებასთან მიმართებით სიტუაცია მცირედით შეცვლილია, თუმცა, პრობლემა კვლავ უცვლელი რჩება

დღეს, ნაადრევ ქორწინებასთან მიმართებით სიტუაცია მცირედით შეცვლილია, თუმცა, პრობლემა კვლავ უცვლელი რჩება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს უფრო მეტი ადამიანი, მეტი მედია საშუალება საუბრობს ამ პრობლემის შესახებ და მეტად ვიგებთ მსგავსი ფაქტების შესახებ. თუმცა, პრობლემა კვლავ უცვლელი რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები ხშირად, ხელს უწყობს მსგავსი პრაქტიკების წარმოებას და ჩვენ ყოველთვის ვერ ვიქნებით მსხვერპლის იმედად, რომ მას ძალა ეყოფა და ამ პრობლემის წინააღმდეგ ისაუბრებს. ჩვენ მათ გმირობას ვერ მოვთხოვთ. ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა სხილაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით, 800-მდე არასრულწლოვანი მშობელი იყო და ეს მონაცემი სრულ სურათს არ ასახავს, რადგან გაცილებით მეტია იმ გოგონების რიცხვი, რომლებიც დანიშნული არიან და ამის გამო სკოლაში ვერ დადიან, ან საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ ახერხებენ.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, დიდი ძალისხმევა არ იხარჯება იმისთვის, რომ საზოგადოებაში მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს და ამიტომ, მთავარი გამოწვევა პრევენციაა. 

„უწყებები ძირითადად, უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებენ, როდესაც ბავშვის თითქმის, ყველა უფლება დარღვეულია – სკოლაში არ დადის, მის მიმართ ძალადობა ხდება, განათლების უფლება ეზღუდება და .ა.შ“, – განაცხადა სხილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანია დღეს არსებული პრევენციის მექანიზმები და საჭიროებს თუ არა ის ცვლილებებს, ეკა სხილაძემ აღნიშნა, რომ პრევენციის სფეროში უდიდესი როლი სკოლას ენიჭება და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით დიდი პროგრესი არ ჩანს.

„მშობლის შემდეგ, სკოლამ ყველაზე პირველმა იცის, ოჯახში რა ხდება, ემუქრება თუ არა გოგოს ადრეულ ასაკში ქორწინება, რას აპირებს მისი ოჯახი, როგორია მისი მოსწრება სკოლაში და ა.შ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დიდ პროგრესს ვერ ვხედავთ. უფრო მეტიც, მონიტორინგისას ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც სკოლები გოგონების გამოცხადებას არ აღრიცხავენ და „არას” არ წერენ. ამით თითქოს, ცდილობენ, ადრეულ ასაკში ქორწინების, თუ ნიშნობის შემთხვევებს ხელი დააფარონ“, – განაცხადა სხილაძემ.

მისივე თქმით, ადრეულ ასაკში ძალადობრივი ქორწინების პრევენციისთვის აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად რეაგირებდნენ.

„როდესაც თემი, საზოგადოება ხედავს, რომ ადამიანი ცოლად ბავშვს მოიყვანს, ასეთ ქორწინებას ოჯახს დაარქმევს და ამას სამართალდამცავი უწყება ტოლერანტულად შეხედავს, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომს იწვევს“, – განაცხადა ეკა სხილაძემ.