ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებული ფოტოები ევროკავშირის ერთ-ერთი სასწავლო პროექტის ფარგლებში, სატელიტიდან გადაიღეს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებული ფოტოები ევროკავშირის ერთ-ერთი სასწავლო პროექტის ფარგლებში, სატელიტიდან გადაიღეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფო იყო ჩართული და ფოტოების მოპოვება სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა.
„საქმეში ჩართვის დღიდან ვამბობდი, რომ უმნიშვნელოვანესია, გამოძიებამ მოიპოვოს სატელეტიდიან გადაღებული ფოტოები. ოთხი დღე გვარწმუნებდნენ, რომ მანქანა იქ იდგა, ჩვენ კი ინფორმაცია გვქონდა, რომ ასე არ იყო. გამოძიება ასევე გვეუბნებოდა, მიგვითითებინა, საიდან უნდა მოგვეტანა სატელიტის ფოტოების წყარო. ეს ძალიან დაბალი სტანდარტია, დაზარალებულს შეიძლება სულ არ ჰყავდეს ადვოკატი და პროკურატურა თვითონ უნდა ახერხებდეს, სათანადოდ გამოიძიოს საქმე. ჩვენ რატომ უნდა ვეხმარებოდეთ პროკურატურას, საიდან და როგორ მოიპოვოს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიხეილ რამიშვილს ფოტოები მიაწოდეს არა საქართველოდან, არა მეზობელი ქვეყნიდან, არა ამერიკიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთ-ერთი პროექტიდან. ოთხი ქვეყნის კორპორაციული სასწავლო პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში, სატელიტიდან ფოტოებს იღებდნენ. ეს ხალხი დაგვეხმარა, მოიპოვა ფოტოსურათები და გადმოგვცა. ამასთან, პასუხისმგებლობა აიღეს იმაზე, რომ ეს ფოტოები ნამდვილად იმ თარიღის და იმ ადგილის არის, რაზედაც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ისიც გვითხრეს, რომ სახელმწიფოსაც შეეძლო ამის გაკეთება“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ფოტოებზე, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფოტოებს ექსპერტიზა ჩაუტარდება იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი.