ეკა ბესელია - ვერასოდეს, ვერც ერთ ფორმატში ვერ ვითანამშრომლებ იმ ძალასთან, ვინც ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი იყო
არასოდეს არ ავირჩევ ძალას, რომელთან ბრძოლასაც ჩემი ბევრი წელიწადი შევალიე, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” განაცხადა.
„შემიძლია, ძალიან მკაფიოდ და ნათლად გითხრათ, რომ იმ ძალასთან ვერასოდეს ვერც ერთ ფორმატში ვერ ვითანამშრომლებ, ვინც იმ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი იყო. ჩემივე ყოფილ პარტიასთან პირველი პრეტენზია ის მქონდა, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთში აღრევა მოხდა. „ქართულ ოცნებაში“ დღეს ბევრი ისეთი ვინმეა, რომელიც უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას დაამშვენებდა. უფრო, მგონია, რომ ისინი უკვე უმრავლესობაში არიან. „ქართულ ოცნებაში“ კოოპერირებას არ გამოვრიცხავ იმ ადამიანებთან, ვინც პრინციპულია. თუ მეტყვით, რომ ზარდიაშვილთან უნდა ვითანამშრომლო, მას გავექეცი იმ ველიდან და როგორ?! პირობითად, ერთი ადამიანი არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ ვამბობ მოვლენაზე, რასაც ეს ადამიანი განასახიერებს“, – განაცხადა ბესელიამ.
ამ განცხადებით ეკა ბესელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვისთან გეგმავს კოოპერირებას და ვის აირჩევს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში უმრავლესობას ან „ქართული ოცნება“ დააგროვებს, ან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ კოალიცია დასჭირდებათ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას ვეღარ აიღებენ და თუ ისეთი ტიპის კოალიცია ჩამოყალიბდა, რომელიც თვითკმარი გახდება, ის დასავლური ტიპის პარტიებთან ითანამშრომლებს.
ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის დასავლური ტიპის პარტიებში მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ არ გულისხმობს.
შეკითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ის „პატრიოტთა ალიანსთან“, ბესელიამ აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მათ ცოტა განსხვავებული ხედვა აქვთ და არ იცის, ეს თანამშრომლობა რამდენად გამოვა.
„მე უფრო მგონია, რომ რაღაც ტიპის კოალიცია შეგვეძლება ძალიან მკაფიოდ გამოხატული დასავლური საგარეო ვექტორის მქონე პოლიტიკურ ძალებთან, რომელიც წარსულში ძალადობრივი სისტემით არ არის დამძიმებული“, – განაცხადა ბესელიამ.
შეკითხვაზე, მოიაზრება თუ არა თანამშრომლობა „შენების მოძრაობასთან“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“, ბესელიამ განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი შეიძლება, ასეთ არჩევანში განიხილოს, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს და ამიტომ, მათთან თანამშრომლობა არ შედგება.
„დათო უსუფაშვილი შეიძლება, ასეთ არჩევანში განვიხილო, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს და როგორ?! იმ კოალიციაში, იმ ორბიტაზე თქვენ ჩვენ ვერ გვიხილავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.