ეკა ბესელია - ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე არ ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლისას ოკუპაციაზე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყო საუბარი, ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე არ ისაუბრა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, შინაარსობრივად სალომე ზურაბიშვილი იმ პრობლემებს შეეხო, რა პრობლემებიც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უდგას და ეს არის პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა.
კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, ეკა ბესელიამ აღნიშნა: „ეს არის გემოვნების საკითხი, ვინ როგორ გამოხატავს ამ პოზიციას, მთავარი არის პრობლემები უნდა დაისვას ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე და ვინ უფრი მკაცრად იტყვის, ეს უკვე გამოხატვის ფორმებია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტები საქართველოს ისტორიის ნაწილია.
„საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს არაერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის მანძილზე 26-ჯერ გადაუწვავს მტერს; მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი, როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში; პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა, მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე. სწორედ ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.