ეკა ბესელია - სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციით თავიდან იქნა აცილებული სერიოზული საფრთხეები
ეკა ბესელია - სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციით თავიდან იქნა აცილებული სერიოზული საფრთხეები

საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ინტერესი ამ საქმის მიმართ და სწორედ ამ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მიეწოდა მათ ეს შუალედური ინფორმაცია, რომელიც ცხადყოფს, რომ სპეცსამსახურების მიერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩატარდა სწორედ ეს სპეცოპერაცია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაბრიელ სალოსის გამზირისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ტერორიზმი, რომელიც არის არა მხოლოდ კონკრეტული ეროვნული ლოკალური პრობლემა, არამედ არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი გამოწვევა, საქართველო ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ ანტიტერორისტულ კამპანიებში და ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები მართლაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ამიტომ ცალკეული თავდასხმები და იერიში ამ იმიჯის შესალახად სპეცსამსახურების თუ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი პროცესი. ეს არის უსერიოზულესი საკითხი და ამ თემაზე ძალიან ფრთხილად და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით არის საჭირო შეფასებების გაკეთება. კითხვები შეიძლება დაისვას და როდესაც ოჯახი სვამს კითხვას ან ცალკეული კითხვები ისმება, ეს მათი უფლებაა. გამოძიება მიმდინარეობს და ის ობიექტურად დაადგენს ყველა გარემოებას.

თუმცა იქამდე, ამ შუალედური ინფორმაციით, კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციით თავიდან იქნა აცილებული სერიოზული საფრთხეები. ეს არის სწორედ ამ სპეცოპერაციის შედეგი. დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას. ეს შუალედური ინფორმაციაა, საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია, გამოძიების მსვლელობის დროს კანონით დადგენილი სრული პროცედურებით მოხდება მხარეებისთვის საკუთარი უფლებების რეალიზება და დაცვა.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ უსაფრთხოების ერთიან სტრატეგიაში ყველა იმ რესურსის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხეობას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს სუს-მა გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა.