ეკა ბესელია - სოფო კილაძეს დღემდე ვერ გაუგია, რომელი კომიტეტის თავმჯდომარეა 
ეკა ბესელია - სოფო კილაძეს დღემდე ვერ გაუგია, რომელი კომიტეტის თავმჯდომარეა 

ბაღდათაში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა და აჩვენა ის, რაზეც არ შეიძლება თვალის დახუჭვა და რაც არ შეიძლება დროში გადაიდოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ეკა ბესელიამ ბაღდათში გარდაცვლილების ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ამ ტრაგედიის ფონზე სესიის დაწყება არის ძალიან მძიმე, ამიტომაც მე მხარი დავუჭირე იმ მოთხოვნას, რომ დღევანდელი სხდომის გადადება იყო უპრიანი. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მე მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი, ისევე როგორც სწორი იყო დღეს იმ დაგეგმილი აქციის გაუქმება, რომელიც პარლამენტის გარეთ უნდა გამართულიყო, რადგან ტრაგედიამ გადაფარა აბსოლუტურად ყველაფერი. ყველა საკითხი, რომელიც არის მწვავე და პრობლემური, გადაიტანა მეასე რიგში. თავად ამ პრობლემამ, ტრაგედიამ, უბედურებამ გამოააშკარავა და  კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რაზეც არ შეიძლება თვალის დახუჭვა და რაც არ შეიძლება დროში გადაიდოს. ოჯახი სულ ცოტა ხნის წინ,  სხვათაშორის ღია ეთერში უსმენდა მთელი ქვეყანა, ყველა იმ პრობლემაზე საუბარობდა, რაც მათ აწუხებდათ. არ ვიცი, რა მოხდა მას შემდეგ, არ ვიცი, სად იყო სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება და მიღება მოხდა პარლამენტში. იყო დიდი მოლოდინები და დაპირებები, რომ სოციალური მუშაკების მხარდაჭერა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვნახეთ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები და მათი შემცირებული რაოდენობა. ვერ ვნახეთ, რომ უბედურებისა და ტრაგედიის დატრიალებამდე რაღაცა ზომები გატარდა ამის თავიდან ასაცილებლად. ამ პრობლემაზე უნდა ლაპარაკობდეს დღეს ყველა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, გასარკვევია, რატომ ჰქონდა იმ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული.

„არ ვიცი, სად იყო ის სამსახურები, ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები, არ ვიცი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება თავიდან ყოფილიყო აცილებული. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვხედავდეთ ამ თემებზე რეაგირებას, გუშინ ერთ-ერთი გამოსახლების ფაქტზე, სხვათაშორის იმ ქალბატონის ამბავი ჩვენი ხელისუფლების დროს მაგალითად მოგვქონდა, როგორც უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის, გამოსაქომაგებლად მისულ რამდენიმე ადამიანს, ლაშა ჩხარტიშვილს, კახა კუკავასა და ირაკლი კაკაბაძეს სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყება დაუანონსეს. ამ ყველაფრის საპასუხოდ ვნახეთ ეს. ეს არის ის, რაც ამძიმებს ამ ფონს მთლიანობაში. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რომელი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს. ვაპირებ, პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.