ეკა ბესელია - ვერ დავეთანხმებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის იმ პროექტს, რომლითაც კონსტიტუციის ყველა პრინციპი დარღვეულია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობამ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საკუთარი პროექტი მოამზადა, რომელსაც დღეს კომისიას წარუდგენს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, იმ პროექტს ვერ დაეთანხმებიან, რომლითაც დარღვეულია კონსტიტუციის ყველა პრინციპი და რომელიც, მომზადებულია მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით.
„სამწუხაროდ, კომისიის წევრების მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა, რაც ბოიკოტს ეხებოდა. ჩვენი მხრიდან ეს არ იყო კომისიის მიმართ უპატივცემულობა, ეს კომისიის იმ წევრების მხრიდან არაკორექტული და არაკოლეგიური დამოკიდებულება იყო, რომელთაც კომისიის სხდომების ჩატარების გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ კონსულტაციები არ იყო გავლილი და საკითხი შეთანხმებული არ იყო. მათ მიერ გამოგზავნილი დასკვნა ყოველ დღე იცვლებოდა და ახალ-ახალი დასკვნის პროექტი იგზავნებოდა. ბოლოს სხვა ვერსია გამოაგზავნეს. როცა დასკვნის პროექტი იცვლება და სხვადასხვა დოკუმენტი იგზავნება, შეუძლებელია, პოზიცია მყისიერად დააფიქსირო იმაზე, რაც რამდენიმე წუთის წინ გადმოგეცა.
პარლამენტში მუშაობის ანა-ბანაა, რომ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ უნდა დაასრულო და შემდეგ უნდა წარმოადგინო. როგორც ჩანს, დრო არ ეყოთ, მზად არ იყვნენ და მასალები ფრაგმენტულად გამოაგზავნეს”, – აღნიშნავს ბესელია.
დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, პლენარულ სხდომაზე დასკვნის ორი პროექტი გავა, თუ კომისია ერთ დოკუმენტზე შეჯერდება.
„ჩვენი დასკვნის პროექტი მოვამზადეთ, თუმცა ეს არ არის ალტერნატიული დასკვნა. ის ვერსია მოვამზადეთ, რაც არის ობიექტური და რეალური, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არღვევს კონსტიტუციას და ყველა სტანდარტს, რასაც კომისია უნდა იცავდეს. ან არ იციან და ან ზღვარს შეგნებულად გადააბიჯეს, რადგან არ შეიძლება პარლამენტმა მართლმსაჯულების ან პროკურორის ფუნქცია შეითავსოს. კომისიას თავისი მანდატი აქვს, რომლის ფარგლებში უნდა უპასუხოს კითხვებს. ვის რა კვალიფიკაცია უნდა შეეფარდოს, ეს სასამართლოს მოვალეობაა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მოსამართლის ფუნქცია შევითავსოთ.
დღეს წარვადგენთ ჩვენს ვერსიას, ვერ გეტყვით რა მოხდება. იმ პროექტს ვერ დავეთანხმებით, რომლითაც დარღვეულია კონსტიტუციის ყველა პრინციპი და მომზადებულია მცდარ, არასწორ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით”, – განაცხადა ბესელიამ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას #4-ის ეზოში.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს.