ეკა ბესელია - რეალობა უნდა შევცვალოთ, რადგან არც ერთი ქალი არ იმსახურებს, ძალადობის რამე ფორმით გამოვლენის მსხვერპლი იყოს
მინდა, ყველა იმ ქალს, რომელმაც ნებისმიერი სახის ძალადობა გადაიტანა, ჩემი განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვუცხადო, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ეკა ბესელიამ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა და თითოეული მონაცემი დამაფიქრებელია.
მისი თქმით, ძალიან მძიმედ გასააზრებელია, რომ, როგორც კვლევით ჩანს, მაინც რჩება ქალების 22%, ვინც მიიჩნევს, რომ ძალადობის რამე ფორმით გამოყენება შესაძლებელი და გამართლებულია. გამოკითხული მამაკაცების 30%–ზე მეტი კი მიიჩნევს, რომ ძალადობის ფორმები შესაძლებელია, რამე მიზეზით გამართლებული იყოს.
„ამას ძალიან სერიოზული ჩაღრმავება და კარგი გაანალიზება სჭირდება იმისთვის, რომ 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანია გავხსნათ. თქვენი გადაცემაც პრევენციას ემსახურება და ამ თემის წინ წამოწევისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კვლევაში პოზიტიური ტენდენციებიც ჩანს, რადგან თუ 2009 წელს ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოს 1,5% მიმართავდა, ეს რაოდენობა 18%–ით გაიზარდა.
„პოზიტიურია ტენდენცია, რომ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან რეაგირება გაიზარდა. შესაძლოა, ძალადობა კი არ გაიზარდა, არამედ რეაგირება. ანუ, ქალბატონებმა ძალადობის ფაქტებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. დღეს კიდევ უფრო მეტმა ქალმა დაიჯერა, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, რადგან ეს კიდევ უფრო ახალ ძალადობას ახალისებს“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, 2016 წელს, როცა ოჯახური ძალადობის ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა და პატიმრობის სასჯელი გაიზარდა, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა შიში, რომ შესაძლოა, ასეთ ნაბიჯს უკუეფექტი ჰქონოდა, რადგან ქალბატონები ქმრის დაპატიმრების შიშით სამართალდამცავ ორგანოს აღარ მიმართავდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და გამოჩნდა, რომ სასჯელის გამკაცრებას პრევენციული ხასიათი ჰქონდა.
“ჩვენ რეალობა უნდა შევცვალოთ, რადგან არც ერთი ქალი არ იმსახურებს, ძალადობის რამე ფორმით გამოვლენის მსხვერპლი იყოს. ქალები სოლიდარობას, მხარდაჭერას, გაძლიერებას იმსახურებენ და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რითაც ყველანი უნდა დავკავდეთ”, განაცხადა ეკა ბესელიამ.