ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, სადამსჯელო აქტია
ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, სადამსჯელო აქტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს.

როგორც ეკა ბესელიამ პირველ არხს განუცხადა, იურიდიულ კომიტეტში უნდა იყვნენ სწორედ ისეთი იურისტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება, ამავე დროს, პრინციპული, ზნეობრივი პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„ფრაქციის მიერ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევა არ მიმაჩნია სწორად, ეს ჰგავს სადამსჯელო გადაწყვეტილებას. გედევან ფოფხაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა და მისი გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, ეს არის სადამსჯელო აქტი, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ცუდად ახასიათებს ამ გადაწყვეტილების მიმღებს და მგონია, რომ ასეთი სადამსჯელო, ძალიან უხეში მოქმედებით ზიანდება საერთო საქმე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ხომ არ გახდა მიზეზი, მათ შორის, გედევან ფოფხაძის გაწვევის და ხომ არ იქცა „ქართულ ოცნებაში“ ეს წყალგამყოფად, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ძველი და ახალი გუნდები არაფერ შუაშია, საუბარია ფასეულობების თანხვედრაზე.

„ძალიან კორექტულად ვცდილობ, ვუპასუხო, როდესაც ხდება მცდარი და არასწორი საჯარო გამონათქვამები ჩვენი რამდენიმე თანაგუნდელის მხრიდან. ეს კარგად ჩანს, ამოიღეთ საჯარო კომენტარები და ნახავთ, არ არის საჭირო ჩემი მხრიდან სახელებისა და გვარების დასახელება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია.