ეკა ბესელია - ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას საგამოძიებო კომისიაში მოწვევით სერგი კაპანაძემ რეგლამენტი დაარღვია
ეკა ბესელია - ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას საგამოძიებო კომისიაში მოწვევით სერგი კაპანაძემ რეგლამენტი დაარღვია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტის სტატუსის ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის მოწვევას აპროტესტებს.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ექსპერტები ისე მოიწვია, რომ კომისიის წევრებმა ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ.

„აღმოჩნდა, რომ კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს ექსპერტები ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე ჰყავს მოწვეული. არ მგონია, რომ მათი დახასიათებით უნდა დავკავდე. ისე მოიწვია, რომ კომისიის წევრები საქმის კურსში არ ვიყავით. ამავე დროს კომისიამ ისეთი ექსპერტები უნდა მოიწვიოს, რომელთაც შეუძლიათ, ღირებული ინფორმაციის მოწოდება. როცა კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს, მას რეგლამენტით ერთპიროვნულად ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. თავის დამხმარედ ვინც უნდა ის მოიწვიონ, მაგრამ თუკი ასეთ პირებს კომისიის სახელით იწვევს, ეს მინიმუმ კომისიაზე უნდა იყოს წარდგენილი. საორგანიზაციო საკითხები კომისიაზე წყდება. არ ვიცი, ჭაია და ქადაგიძე კომისიის წევრებს როგორ უნდა დაეხმარონ. თუ ბოკერიას ან რომელიმე სხვას ასეთი დახმარება სჭირდება, მშვიდობაში მოიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სერგი კაპანაძემ ექსპერტების მოწვევის გადაწყვეტილება რეგლამენტის დარღვევით მიიღო.

„მგონია, რომ კომისიას ისეთი ექსპერტები უნდა ჰყავდეს, რომელთა მიმართ მინიმუმ არ არსებობს მძიმე კითხვები. არ მგონია, რომ რაიმეს ახალს ვამბობდე. წლების განმავლობაში ასეთი ადამიანების გამო ქუჩაში ვიდექით, როდესაც ძალადობას, ჩაგვრას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას ვაპროტესტებდით. ასეთი ადამიანები შს სამინისტროს სისტემაში იყვნენ და კომისიას თუ ასეთი ექსპერტები სჭირდება, პასუხისმგებლობა ბოკერიამ და კაპანაძემ აიღონ და არა ჩვენ. ეს ადამიანები კომისიას რაში უნდა დაეხმარონ. რომელი გამოცდილება უნდა დაეხმაროს? რა კუთხით? ქადაგიძე კრიმინალური პოლიციის უფროსი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იყო ვაზაგაშვილის სპეცოპერაცია რომ ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს. მეორე პირი მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე. ვკითხულობ, ეს ხალხი მოწვეული რატომ არის და მათი გამოცდილება ვის სჭირდება. ასეთი გამოცდილების და პრაქტიკის გამო ქუჩაში ვიდექით. ვინც მოიწვია, პასუხისმგებლობა აიღოს”, – განაცხადა ბესელიამ.