ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძე არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა
ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძე არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა

დეპუტატი ეკა ბესელია მოითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადოს.

როგორც ბესელიამ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დაცვა ვერ შეძლო.

„მე არ ვაპირებდი დღეს ამის თქმას, დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც და ახლაც ცოტა ხნით დავინდობ, ვიდრე აქ არ ზის, მაგრამ ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე. მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და არ შეიძლება იმ 10 კაცის, დიახ, სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა“, – განაცხადა ბესელიამ.

მან უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, რას იტყოდნენ დღეს, სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ან ბუტა რობაქიძის მშობლები რომ ყოფილიყვნენ.

„ახლა რომ ამ დარბაზში იყვნენ სანდრო გირგვლიანის დედა, ბუტა რობაქიძის მშობლები, მგონი, აქ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელსაც თვალი ამოთხარეს, რას ეტყოდით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან? ამას ეტყოდით?“, – მიმართა ბესელიამ უმრავლესობას.

მისივე თქმით, პოლიტიკოსი წარსულით იზომება,  მან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროს ზოგი „ჩირგვებში იჯდა“.

„პოლიტიკაში არის წარსული და წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც. ის ადამიანები, როდესაც ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლიმოგლის ჭამდა. ცუდი არ არის გოგლიმოგლი, უდროო დროს არ უნდა მიირთვა. საკუთარი თავი დაინახოს ყველამ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “არასოდეს ექნება საერთო ადამიანებთან, რომლებსაც სამართლიანობა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა სჭირდებათ”.

„ოცნებას“ დაირქმევს ახლა ის ადამიანი, თუ „სუპერ ოცნებას“, არასოდეს მექნება მასთან საერთო. არასოდეს ვიქნები იმ ალიანსში და არასოდეს ვიქნები იმ სათავეებთან, სადაც ის ადამიანები არიან, ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება. კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა, „შპარკალგები“ რომ მოდიოდა იმ მუხლებში, რომელიც მოსამართლეებს ეხებათ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე განაგრძობს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, მე მის მაგივრად მოვუხადე ბოდიში კოლეგებს, რაც მან დღეს აქ იკადრა. ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ირაკლი კობახიძე გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე განწესებული.  თუ მან არ იცის, ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ, ეს როგორ ხდება. ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ ბოლომდე, ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის. ყველა ვნახავთ შედეგს, რა იქნება საბოლოოდ“, – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავინ ვერასოდეს წასულა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვსლისას განაცხადა, რომ „კონსენსუსი, რომელიც ამ დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე“.

პარლამენტის სხდომაზე დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ, რომელიც 2025 წლამდე რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.