ეკა ბესელია - გუშინდელი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება
ეკა ბესელია - გუშინდელი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირად იქცევა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას, ხელწერა არ ეცვლებათ, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ეკა ბესელიას განცხადებით, გუშინდელი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სტატუსის მიუხედავად კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება.

„თქვენივე კოლეგების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტებზე არც მე მომისმენია არც ერთი განცხადება, რომლითაც დაგმეთ  პარლამენტის წევრების, თამარ ხულორდავასა და სოფო ქაცარავას მიმართ თავდასხმა, რომელიც არ იყო შემთხვევითი. როგორც ჩანს, არის ეჭვი, რომ ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრის მითითება, რომ ეს იყო სწორედ პარლამენტის მანქანა, რომლის მიმართაც შეიძლებოდა ამ აგრესიის გამოხატვა. თამარ ხულორდავა გამოეხმაურა ამ ფაქტს და მეც ვითხოვ მის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპულია, პარლამენტის პრესტიჟზე რომ საუბრობთ, მოხდეს ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

თქვენ რომ ეს მოგწონთ, რაც გუშინ ნახეთ და აქეთ რომ იშვერთ ხელს, ეს მე არ მიკვირს. ეს ის ხელწერაა, რაც ბევრჯერ გვინახავს. ეს ფაქტი აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გუშინ ხდებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას ახტებოდა, ძალადობდა, ხელს სწევდა და ეს ყველაფერი ითარგმნება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ნამდვილად ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ გიორგი გახარიას არც ერთ მის კომენტარში არ უთქვამს, რომ ოპოზიცია დაისჯებოდა მხოლოდ, მან თქვა – სტატუსის მიუხედავად ყველა.

სტატუსის მქონე ადამიანი ყველაზე მკაცრად ისჯება, ასე წერია კოდექსში, რადგან რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი, მაღალია და იზრდება პასუხისმგებლობა. როგორ იქცეოდა იქ თქვენი კოლეგა პარლამენტის წევრი, ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს, რადგან პარლამენტის წევრი უნდა იყოს კანონის დაცვის მაგალითი. ვიდრე გახარიას მოსვლას მოითხოვთ, იქამდე თუ იმის შემდეგ, საჭიროა სწრაფი, დაუყოვნებლივი რეაგირება მომხდარზე. ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით, ხალხნო, რა მოგწონდათ და რა მოგეწონათ იმ საქციელში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პრეზიდენტის ინაუგურაციიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, თელავში გზა გადაუღობეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა. ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული.