ეკა ბესელია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა იყო. ეკა ბესელიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს გააცნო აღნიშნული რეფორმის დეტალები, რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს საქმიანობა და როლი. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის პროცესში განსახორციელებელ შემდგომ აქტივობებზე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმასთან დაკავშირებით სამინისტრო პარლამენტთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
„დაწყებულია აქტიური მუშაობა განათლების სფეროში ხუთივე საფეხურზე რეფორმების მიმართულებით. დაგეგმილი რეფორმები წარმოდგენილი იქნება შემოდგომაზე. დღეს განვიხილეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხება სკოლამდელი დაწესებულებების მიმართულებით გასატარებელ რეფორმას. ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთებულია და ჩვენი სამინისტრო, ყოველდღიურ რეჟიმში, პარლამენტთან და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს“- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრისას სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმაზე დეტალური საუბარი გაიმართა.
„განათლების სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი. ძალიან საინტერესოა მისი ერთიანი ხედვა განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს რეფორმა ჩვენი ინიციატივით პარლამენტმა 2016 წელს მიიღო. სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა განიხილება როგორც მთლიანი განათლების სისტემის რეფორმის პირველი საფეხური. ამიტომ, ერთიან სისტემაში უნდა დავინახოთ ეს რეფორმა. ჩემთვის, როგორც ამ რეფორმის ერთ-ერთი ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამეცნო მისთვის ის, რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, მათ შორის, ჩვენი საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს მუშაობა, რომელიც აკონტროლებს, ამოწმებს და ეხმარება რეფორმის პროცესში მუნიციპალიტეტებს და მთლიანად ამ პროცესს, რათა რეფორმა 2020 წლამდე შეუფერხებლად განხორციელდეს. გავცვალეთ მოსაზრებები. იყო სრული თანხვედრა ჩვენს ხედვაში და ვაპირებთ, რომ ამ თემაზე ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ და სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრისას მინისტრის მხრიდან გამოითქვა, მოსაზრება, რომ სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოდელი სასკოლო რეფორმებისთვისაც.