ეკა ბესელია - არჩევნების ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული, ევროპელ მეგობრებს ხელისუფლების მიმართ როგორი განწყობა ექნებათ
თუ სასამართლო თავისუფალი არ არის, არანაირი არჩევნები და რეფორმა არ არის საპირწონე და სანდოობის განცდას არ დატოვებს პარტნიორებში, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების წინ ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუცია არის უაღრესად საყურადღებო.
„ამ ანგარიშში ისევ და უკვე მერამდენედ ხვდება კრიტიკა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ, ასევე ხელისუფლების არასწორი და დემოკრატიის საზიანო გადაწყვეტილებების გამო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, რეზოლუციაში ხელისუფლების განსაკუთრებული კრიტიკაა მართლმსაჯულების გამო.
„ქართული ოცნება“ ახლა მაინც ხომ უნდა დარწმუნდეს, რომ ის, რის გამოც ჩემი დაპირისპირება დაიწყო გუნდთან, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა და პარტიიდან ხალხის წასვლა, უკავშირდებოდა ამ საზიანო ნაბიჯებს. ევროპარლამენტისთვის ეს იყო სიგნალი. თუ სასამართლო თავისუფალი არ არის, არანაირი არჩევნები და რეფორმა არ არის საპირწონე და სანდოობის განცდას არ დატოვებს პარტნიორებში. საპარლამენტო არჩევნებსა და პროცესს ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდება. არჩევნების ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული ის, ევროპელ მეგობრებს ხელისუფლების მიმართ როგორი განწყობა ექნებათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.