ეკა ბესელია - აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია
ეკა ბესელია - აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, ყველა სამართლებრივი მექანიზმი სრულად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქმეზე საბოლოო შედეგი დადგეს.

„საჭიროა, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებული იყოს, რადგან მათ მიმართ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინტერესის თვალსაზისით, მეტი ყურადღება არსებობს. სწორედ ამ არგუმენტით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერდი. ამ კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ეს ამ საქმის პოლიტიზირებას იმაზე უფრო მეტად მოახდენს, ვიდრე ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ”, – განაცხადა ბესელიამ.

„ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ, 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მოხდება. რეგლამენტით, კომისია იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ მას მხარს სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა უმრავლესობა დაუჭერს.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს.