ეგვიპტემ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პირამიდა ტურისტებისთვის გახსნა - მნახველებს ნაგებობის ოთახებში შესვლა შეუძლიათ
ეგვიპტემ 4600 წლის „მოხრილი“ პირამიდა მნახველთათვის გახსნა. დამთვალიერებლებს პირამიდის სიღრმეში, გვირაბებში ჩასვლა და იქ განლაგებული ოთახების ნახვა შეუძლიათ.
პირამიდა ფარაონმა სნეფრუმ ძვ.წ.აღ.-ის 2600 წელს ააშენა. იგი სრულიად განსხვავდება ეგვიპტის სხვა ცნობილი პირამიდებისგან, რომლებსაც უფრო სწორი გვერდები აქვთ.
სნეფრუს პირამიდის გვერდები კი მნიშვნელოვნად არის გამრუდებული.
მეცნიერთა აზრით, გეგმის მიხედვით, პირამიდას ჩვეულებრივი ფორმა უნდა ჰქონოდა, მაგრამ მშენებლობის პროცესში სხვანაირი სტრუქტურა გახდა საჭირო, რადგან თიხიანი ნიადაგი, სადაც ის შენდებოდა, სტაბილურ საძირკველს ვერ უზრუნველყოფდა.
ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, პირამიდის მშენებლობისას ნაპრალები გაჩნდა.
ამის კომპენსირებისთვის, მშენებლებმა ჩვეულებრივი პირამიდის გვერდების 54-გრადუსიანი კუთხე 43-გრადუსიანით შეცვალეს.
მართალია, ფორმა უჩვეულოა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეგვიპტის პირამიდების მშენებლობაში, რადგან ერთგვარად ამოავსო ნაპრალი, რომელიც ადრეულ საფეხურებიან პირამიდებსა და გვიანდელ, მაგალითად, გიზის პირამიდებს შორის არსებობდა.
მოხრილი პირამიდა ერთ-ერთია სნეფრუს მიერ აშენებულ სამ პირამიდას შორის. აღსანიშნავია, რომ თავად სნეფრუს დაკრძალვის ადგილი ამ დრომდე უცნობია.
მკვლევართა ვარაუდით, შესაძლოა, ფარაონი სწორედ მოხრილ პირამიდაშია დაკრძალული და ჯერ არ აღმოგვიჩენია.
პირამიდა 1956 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა. მიზანი, რა თქმა უნდა, ტურისტების მიზიდვაა განსაკუთრებით ნაკლებად მონახულებად ზონებში.
დამთვალიერებლებს შესვლა ასევე შეუძლიათ 18 მეტრი სიმაღლის გვერდითა პირამიდაში, რომელიც სავარაუდოდ, სნეფრუმ თავისი ცოლის, ჰეტეფერესისთვის ააშენა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.